რესტორნებში სადილის ფასი, 2024 წლის სექტემბერში, დაახლოებით 2%-ით გაიზარდა გასული წლის სექტემბერთან შედარებით, ხოლო თვიური ზრდა მხოლოდ 0.02% იყო – გვაუწყებს საქსტატი.
სექტემბერში ლუდის ფასი უცვლელი დარჩა, თუმცა წლის განმავლობაში ბარში ლუდის ღირებულება დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი.
გაძვირებულია ხინკალიც. რესტორანში ხინკლის ფასი წლიურად დაახლოებით 12%-ით გაძვირდა, ერთი თვის განმავლობაში კი ფასის ზრდამ 0.5%-ს მიაღწია.
წლიურად დაახლოებით 6%-ით არის გაძვირებული საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში კვება, თვიურმა ზრდამ კი 0.1% შეადგინა. ყველაზე მეტად გაძვირებულია სასტუმროების მომსახურება. ამ შემთხვევაში წლიურმა ზრდამ 11%-ს მიაღწია, ერთი თვის ჭრილში კი ფასები 2.7%-ით არის გაზრდილი.
2024 წლის სექტემბერში სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურება გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 7.5%-ით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი 0.4%-ით გაძვირდა.