როგორ მივცეთ ხმა 26 ოქტომბერს ელექტრონულ უბანზე

პარლამენტის არჩევნები წელს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება – ოფიციალური მონაცემებით, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა თითქმის 90% არჩევანს ხმისმთვლელი აპარატებით გააკეთებს. ელექტრონული უბნები მთელ ქვეყანაშია გახსნილი. ძველი წესით არჩევანის­ გაკეთება მხოლოდ იმ უბნებზე შეიძლება, სადაც ცოტა ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ელექტრონული წესით არჩევნები­ უკვე წლებია იტესტება სხვადასხვა არჩევნების დროს ცალკეულ უბანზე, წელს პირველად მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება და მნიშვნელოვანია­ ვიცოდეთ, რითი განსხვავდება ხმის მიცემის პროცედურა ელექტრონული არჩევნების დროს და რა უნდა გავაკეთოთ.

მთავარი ის არის, რომ ელექტრონული არჩევნების დროს არ არის გამოყენებული ინტერნეტი და ყველანაირი კიბერშეტევა გამორიცხულია და თქვენი ხმის ფარულობა სრულად უზრუნველყოფილია.

სად უნდა მივცეთ ხმა

ვიდრე ხმის მიცემის პროცედურაზე გადავალთ, მნიშვნელოვანია, წინასწარ გადაამოწმოთ, სად აძლევთ ხმას, რადგან წელს საარჩევნო უბნების ნაწილი გაერთიანდა და შესაძლოა სხვა ადგილზე მოგიწიოთ ხმის მიცემამ და არა იქ, სადაც აქამდე აძლევდით. ამიტომ შედით ცესკოს ვებგვერდზე: cesko.ge და პირველ გვერდზე ნახავთ განყოფილებას “ამომრჩეველთა სია”, დაკლიკავთ ამ ფანჯარას და სულ ორი ველი იქნება შესავსები, სადაც წერთ თქვენს პირად ნომერს და გვარს, მიუთითებთ, რომ არა ხართ რობოტი და ამოგიგდებთ თქვენს მონაცემებს, სადაც მითითებული იქნება საარჩევნო უბნის ნომერი. ამ ნომერს თუ დაკლიკავთ, ნახავთ ამ უბნის მდებარეობას რუკაზე, რაც, ცხადია, გაგიადვილებთ უბნის პოვნას, თუკი ახალ უბანზე გიწევთ ხმის მიცემა. გარდა ამისა, თქვენ ამით გადაამოწმებთ იმასაც, თუ ვინ არის ჩაწერილი თქვენს მისამართზე. გაითვალისწინეთ, რომ 8 ოქტომბრის შემდეგ ეს მონაცემები აღარ შეიცვლება.

არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურა ასეთია:

რეგისტრაცია

საარჩევნო უბანზე უპირველესად გადიხართ რეგისტრაციას. ამისთვის კი საჭიროა საარჩევნო ოთახის კართან რიგის მომწესრიგებელს წარუდგინოთ თქვენი პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და გაიაროთ მარკირება. გაითვალისწინეთ, რომ უნდა გქონდეთ ID პირადობის მოწმობა, სხვა შემთხვევაში ხმის მიცემას ვერ შეძლებთ. რიგის მომწესრიგებელი სპეციალური აპარატის (ფარნის მსგავსი აპარატი) მეშვეობით შეამოწმებს, თითებზე (ცერა ან საჩვენებელი) გაქვთ თუ არა მარკირება გაკეთებული. თუ გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხმა სადღაც მიცემული გაქვთ და განმეორებით ხმის მიცემას ვეღარ შეძლებთ.

იხილეთ აგრეთვე
კომენტარები: