ეს უნდა იყოს სიმბოლური აქტი, რომ როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, მან სამარცხვინოდ უნდა დატოვოს თავისი პოსტი, რადგან დღეს ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას უმრავლესობის წევრმა, „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეუნარჩუნა მანდატი, თუმცა, არჩევნების შემდეგ, სუბარი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებენ და პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებენ.
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც დასავლეთიდან მთელი რიგი პოლიტიკოსები მხარს უჭერენ ტერორისტებს, რადგან ხეჩუაშვილი არის ტერორისტი და როდესაც ხეჩუაშვილისნაირებს უჭერენ მხარს, ეს არის ტერორიზმის მხარდაჭერა. ამ სიაში ჩაეწერა სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც არის ჩვეულებრივი გაშიფრული აგენტი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ. ადამიანი, რომელზეც პირდაპირ დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ ეს არის კონსტიტუციის დამრღვევი, ადამიანი, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის გარანტი კონსტიტუციითვე, არის კონსტიტუციის დამრღვევი და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეუნარჩუნა მანდატი, მაგრამ როგორც კი გავიმარჯვებთ არჩევნებში და ჩვენ ნამდვილად გვექნება იმათზე გაცილებით მეტი ხმა, ვიდრე მისი იმპიჩმენტისთვის არის საჭირო, მას მოუწევს, სამარცხვინოდ დატოვოს თავისი პოსტი. თუნდაც, ერთი თვით ადრე, თუნდაც ერთი დღით ადრე, მაგრამ ის ვერ მიიყვანს თავის ვადას ბოლომდე, რადგან ეს უნდა იყოს სიმბოლური აქტი, რომ როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, მან სამარცხვინოდ უნდა დატოვოს თავისი პოსტი, რადგან დღეს ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს“, – აღნიშნა სუბარმა.